წყალმცენარეებს მარსზე სიცოცხლისთვის თავსებადი გარემოს შექმნა შეუძლიათ 21:30 ოთხშაბათი' 0 29
17-02-2021, 21:30

წყალმცენარეებს მარსზე სიცოცხლისთვის თავსებადი გარემოს შექმნა შეუძლიათ

გერმანიაში მდებარე ბრემენისა და ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერების მიერ ნიდერლანდელ კოლეგებთან
 ერთად ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მარსისთვის დამახასიათებელ პირობებში ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების გაზრდა სრულიად შესაძლებელია. გამოცემაში Frontiers in Microbiology გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა განცხადებით, ეს ერთუჯრედიანი ორგანიზმები ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების წარმოქმნას უწყობენ ხელს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ მათ წითელ პლანეტაზე სიცოცხლისთვის თავსებადი გარემო შექმნან.

ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, იგივე ციანობაქტერიები, დედამიწაზე 2,4 მილიარდი წლის წინ გავრცელდნენ. სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს პლანეტაზე ჟანგბადის დიდი რაოდენობით არსებობას, რომელსაც ისინი ფოტოსინთეზის დროს გამოყოფენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ორგანიზმები ნახშირორჟანგსა და აზოტს ორგანულ ნივთიერებებად აქცევენ, აღნიშნული აირები კი მარსის ატმოსფეროში ჭარბად მოიპოვება. ამ უნიკალური თვისებების გამო მეცნიერები ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე მათი გაზრდის საკითხს უკვე მრავალი წელია განიხილავენ, მკვლევართა ახალმა ექსპერიმენტმა კი ცხადყო, რომ ეს რეალობისგან შორს სულაც არაა.


იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეძლებენ ციანობაქტერიები გაზრდას მარსზე, რომლის ატმოსფერული წნევაც დედამიწისას ბევრად ჩამოუვარდება, ნაშრომის ავტორებმა სპეციალური ბიორეაქტორი, სახელად Atmos შექმნეს. მათ მინისა და ფოლადისგან სულ 9 ავზი დაამზადეს და თითოეულში წითელი პლანეტისთვის დამახასიათებელი პირობების სიმულირება სცადეს - თავი მოუყარეს ნახშირორჟანგს, აზოტს, სხვადასხვა მინერალსა და წყალს, რომელიც ციურ სხეულზე ყინულის სახით გვხვდება, შემდეგ კი იქ ანაბენას გვარის წყალმცენარე მოათავსეს. აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი მსგავს ხელოვნურ გარემოში სრულიად უპრობლემოდ გაიზარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ციანობაქტერიებს სხვა სარგებლის მოტანაც შეუძლიათ. კერძოდ, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გამხმარი წყალმცენარეებისგან კოლი-ბაქტერია, ანუ ნაწლავის ჩხირი ამა თუ იმ საკვებ ნივთიერებას იღებს. მსგავსი მიკროორგანიზმების გამოყენებით კი მარსზე დასახლებულ ადამიანებს სხვადასხვა მედიკამენტის დამზადება არ გაუჭირდებათ.

FACEBOOK კომენტარები