NASA: უცხო ცივილიზაციებს, შესაძლოა, პლანეტების დაბინძურების დონით მივაკვლიოთ 21:32 ოთხშაბათი' 0 29
17-02-2021, 21:32

NASA: უცხო ცივილიზაციებს, შესაძლოა, პლანეტების დაბინძურების დონით მივაკვლიოთ

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოში
(NASA) მომუშავე ასტრონომთა განცხადებით, უცხო ცივილიზაციების აღმოჩენაში, შესაძლოა, ეგზოპლანეტების ატმოსფეროში დაგროვებული მავნე ნივთიერებების რაოდენობაზე დაკვირვება დაგვეხმაროს. სამეცნიერო პორტალზე arXiv გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა მოსაზრებით, არაა გამორიცხული, რომ ციურ სხეულებზე დაფიქსირებული დაბინძურების მაღალი დონე იქ ტექნოლოგიურად განვითარებული არამიწიერი ორგანიზმების სავარაუდო არსებობაზე მიანიშნებდეს.

NASA-ს მეცნიერები პლანეტებზე გონიერი ცივილიზაციების არსებობის ერთ-ერთ უმთავრეს ინდიკატორად მათ ატმოსფეროში მკვეთრი სუნის მქონე აირის, აზოტის დიოქსიდის მაღალ შემცველობას ასახელებენ. დედამიწაზე მის წარმოქმნას სხვადასხვა ბუნებრივი პროცესის, მათ შორის ვულკანური აქტიურობისა და ჭექა-ქუხილის გარდა, ადამიანების სამრეწველო საქმიანობა და წიაღისეული საწვავის მრავალმხრივი გამოყენებაც უწყობს ხელს. ამ დროს, სხვა წყაროებთან შედარებით, ბევრად მეტი მავნე ნივთიერება გამოიყოფა, რაც ჰაერის დაბინძურებას იწვევს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ცნობილი 4 ათასზე მეტი ეგზოპლანეტისგან მრავალი სინათლის წელი გვაშორებს, იქ კოსმოსური ხომალდის გაშვება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ნაშრომის ავტორთა აზრით, სიცოცხლის ძიებაში ციური სხეულების ატმოსფეროს შემადგენლობის შესწავლა დაგვეხმარება.


იმის გასარკვევად, თუ რამდენად მარტივად შევძლებთ თანამედროვე ხელსაწყოებით შორეულ პლანეტებზე აზოტის დიოქსიდის დაფიქსირებას, ასტრონომებმა კომპიუტერული მოდელები გამოიყენეს. კვლევის თანახმად, იმ ცივილიზაციას, რომელიც სამრეწველო საქმიანობისას აღნიშნულ ნივთიერებას ჩვენ მსგავსად გამოყოფს, 30 სინათლის წლის მანძილზე, 400-საათიანი დაკვირვების შედეგად აღმოვაჩენთ. მათი თქმით, სწორედ ეს დრო დასჭირდება ტელესკოპებს აირის მიერ შთანთქმული ხილული სინათლის შესამჩნევად.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერებს რამდენიმე დეტალის გათვალისწინება მოუწევთ. მაგალითად, აუცილებელია ატმოსფეროში აზოტის დიოქსიდის იმ მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც მხოლოდ ბუნებრივი გზით გამოთავისუფლდება. ნებისმიერი მაჩვენებელი, რომელიც ამ ზღვარს გადააჭარბებს, შეიძლება განვითარებული ცივილიზაციის ინდუსტრიულ საქმიანობას მივაწეროთ. ასევე, მნიშვნელოვანია სიგნალის ავთენტურობაში დარწმუნებაც, რადგან ზემოხსენებული ნივთიერება ზუსტად იმ სპექტრის სინათლეს შთანთქავს, როგორსაც ღრუბლები და აეროზოლები. შეცდომის გამოსარიცხად მკვლევრები უახლოეს მომავალში ატმოსფეროს სამგანზომილებიანი მოდელის შექმნას გეგმავენ, რომლის საშუალებითაც პირველადი შედეგების სიზუსტეს გადაამოწმებენ.

FACEBOOK კომენტარები