ნახეთ: ჩინეთმა ხომალდის TIANWEN-1 მარსის ორბიტაზე შესვლის კადრები გაავრცელა 21:35 ოთხშაბათი' 0 36
17-02-2021, 21:35

ნახეთ: ჩინეთმა ხომალდის TIANWEN-1 მარსის ორბიტაზე შესვლის კადრები გაავრცელა

ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ Tianwen-1-ის სახელით ცნობილი მისიის ფარგლებში მარსისკენ
გაშვებული ხომალდის წითელი პლანეტის ელიფსურ ორბიტაზე შესვლის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. აღნიშნულ მასალას ადგილობრივი სამაუწყებლო კომპანია CCTV ავრცელებს.

შთამბეჭდავი კადრები, რომლებიც კოსმოსურ აპარატზე დამონტაჟებულმა მაღალი გარჩევადობის კამერებმა დააფიქსირეს, ციური სხეულის ზედაპირზე განლაგებული კრატერების დეტალურ გამოსახულებას, ასევე, მის გარშემო არსებულ ატმოსფეროს თხელ ფენას გვიჩვენებს. აღსანიშნავია, რომ ზონდმა წითელი პლანეტის პირველი სურათი ჯერ კიდევ მაშინ გადაიღო, როდესაც მისგან 2,2 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული. ფოტოზე მარსის ზედაპირზე მდებარე სხვადასხვა რეგიონი თუ წარმონაქმნია აღბეჭდილი. მათ შორისაა აციდალიისა და ქრისის დაბლობები, სკიაპარელის კრატერი და ჩვენი მზის სისტემის უდიდესი, მარინერის ხეობად წოდებული კანიონთა კომპლექსი.

აღმოსავლეთ აზიაში მდებარე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში უდიდესმა სახელმწიფომ საკუთარი ხომალდი მარსისკენ ქალაქ ვენჩანში მდებარე კოსმოდრომიდან ტექნოლოგიური კომპანია CALT-ის მიერ შექმნილი რაკეტით Long March 5 გასული წლის 23 ივლისს გაუშვა. აპარატმა დანიშნულების ადგილამდე 10 თებერვალს მიაღწია და წითელი პლანეტის ორბიტაზე შესასვლელად საჭირო მანევრის შესრულება თბილისის დროით 3:52 საათზე დაიწყო. ძრავის დახმარებით ზონდმა მოძრაობის სიჩქარე შეამცირა, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კი ის ციური სხეულის გრავიტაციულმა ველმა მიიზიდა. ეს ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ გაგზავნილი ხომალდის მარსამდე მისვლის მე-6 შემთხვევაა.

კოსმოსური ხომალდი წითელი პლანეტის ზედაპირიდან დაახლოებით 400 კილომეტრის დაშორებით იმოძრავებს. გეგმის მიხედვით, მაისის თვეში მას დასაჯდომი მოდულისა და მარსმავლის წყვილი გამოეყოფა, რომელიც ციური სხეულის ზედაპირზე დაეშვება და იქ მარსის დროით 90 დღეს დაჰყოფს. რაც შეეხება ორბიტერს, ის ციური სხეულის გარშემო, ელიფსურ წრეზე იმოძრავებს, ერთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კვლევებს განახორციელებს და მოპოვებულ ინფორმაციას დედამიწას გადმოსცემს. მისიის მთავარი მიზანი წითელი პლანეტის გეოლოგიური აგებულების, წყლის ყინულის, ნიადაგისა და მისი შემადგენელი ნივთიერებების შესწავლა, იონოსფეროზე დაკვირვება, კლიმატისა და ელექტრომაგნიტური თუ გრავიტაციული ველის ანალიზია. ამისთვის ხომალდი 13 ხელსაწყოთია აღჭურვილი, რომელთაგან 6 მზის ენერგიაზე მომუშავე მარსმავალზე, ხოლო 7 - ორბიტერზეა დამონტაჟებული.

ჩინეთი უკვე მეორე ქვეყანაა, რომლის კოსმოსურმა აპარატმაც მიმდინარე წელს წითელ პლანეტამდე მიაღწია. რამდენიმე დღით ადრე ეს არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელოვნურმა თანამგზავრმა სახელად Hope შეძლო. არაბეთის ნახევარკუძნულზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი ხომალდი ქვეყნისთვის პირველი პლანეტათაშორისი მისიის ფარგლებში მარსის ატმოსფეროს შეისწავლის და მის ნებისმიერ წერტილში ამინდის ცვლილებას დააკვირდება, ასევე, დედამიწაზე ციური სხეულის ზედაპირის ამსახველ დეტალურ ფოტოსურათებს გამოაგზავნის. აღსანიშნავია, რომ მალე მათ ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ახალი მარსმავალი Perseverance შეუერთდება, რომელიც მარსზე მდებარე ჯეზეროს კრატერში დაეშვება და იქ სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოსაძებნად მცირე მასშტაბის გათხრებს ჩაატარებს.

FACEBOOK კომენტარები