21 მარტს დედამიწას დიდი ზომის ასტეროიდი მოუახლოვდება 21:37 ოთხშაბათი' 0 25
17-02-2021, 21:37

21 მარტს დედამიწას დიდი ზომის ასტეროიდი მოუახლოვდება

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს
(NASA) განცხადებით, მიმდინარე წლის 21 მარტს დედამიწას დიდი ზომის ასტეროიდი, ოფიციალური სახელწოდებით 231937 (2001 FO32) მოუახლოვდება. ის ჩვენს პლანეტას თბილისის დროით 20:03 საათზე, დაახლოებით 2 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის, რაც დედამიწასა და მთვარეს შორის საშუალო დისტანციას 5-ჯერ აღემატება.

კოსმოსური ობიექტი, რომლის გარშემოწერილობა 0,8-დან 1,7 კილომეტრამდეა, ასტრონომებმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და NASA-ს ერთობლივი პროგრამის LINEAR ფარგლებში ნიუ მექსიკოს შტატში განლაგებული ტელესკოპების დახმარებით 2001 წლის 23 მარტს აღმოაჩინეს. დაკვირვების შედეგად სპეციალისტებმა მისი მოძრაობის ტრაექტორია და გადაადგილების სიჩქარე გამოთვალეს. მათი თქმით, ასტეროიდი, რომელიც მზის გარშემო შემოვლას 2 წელზე მეტ დროს ანდომებს, დედამიწას დაახლოებით 124 ათასი კმ/სთ სიჩქარით ჩაუვლის. მისი დანახვა ყველაზე უკეთ პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროდან, მინიმუმ 8-დუიმიანი აპერტურის მქონე ტელესკოპით იქნება შესაძლებელი. მეცნიერთა განცხადებით, 231937 (2001 FO32) ყველაზე დიდი ასტეროიდია, რომელიც დედამიწას მიმდინარე წლის განმავლობაში მოუახლოვდება.


აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოს 231937 (2001 FO32) პოტენციურად საშიში ასტეროიდების სიაში აქვს შეტანილი. NASA-ს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით, ასეთად მიიჩნევა 140 მეტრზე მეტი გარშემოწერილობის მქონე კოსმოსური ობიექტი, რომლის ორბიტაც ჩვენი პლანეტის ორბიტასთან 7,5 მილიონ კილომეტრზე ნაკლები მანძილით გადაიკვეთება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო ერთი საუკუნის განმავლობაში დედამიწისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს არცერთი ასტეროიდი წარმოადგენს, თუმცა არსებობს მცირე შანსი, რომ 2185 წელს მას (410777) 2009 FD-ის სახელით ცნობილი კოსმოსური ობიექტი შეეჯახოს.

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო მუდმივად ეძებს და იკვლევს ჩვენი პლანეტისთვის პოტენციურად საშიშ ასტეროიდებს. მიმდინარე წელს NASA შედარებით მცირე ზომის ასეთი ობიექტისთვის მოძრაობის მიმართულების შეცვლას კოსმოსური ხომალდის DART დახმარებით შეეცდება, რომელსაც ორბიტაზე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon 9 გაიყვანს. ამ მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მსგავსი მეთოდი, შესაძლოა, მომავალში სახიფათო ასტეროიდებთან შეჯახების თავიდან აცილებში დაგვეხმაროს. 

FACEBOOK კომენტარები