დღის ფოტო: ავიალაინერი მზის ფონზე 21:39 ოთხშაბათი' 0 40
17-02-2021, 21:39

დღის ფოტო: ავიალაინერი მზის ფონზე

აშშ-ის კალიფორნიის შტატში მცხოვრებმა ასტროფოტოგრაფმა, ენდრიუ მაკკარტიმ მზის ფონზე
ამერიკული კომპანიის United Airlines კუთვნილი თვითმფრინავი დააფიქსირა. მის მიერ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალში ჩანს, თუ როგორ კვეთს სამგზავრო ავიალაინერის შავი სილუეტი ჩვენი ვარსკვლავის დისკს, რისთვისაც მას სულ რაღაც ერთი წამი სჭირდება. ცნობილია, რომ ამ დროს თვითმფრინავი რეისს სან ფრანცისკოდან ნიუარკის მიმართულებით ასრულებდა.

ამერიკული ავიალაინერი ენდრიუ მაკკარტის ობიექტივში მაშინ მოხვდა, როდესაც ასტროფოტოგრაფი მზეს სურათებს სპეციალური ფილტრით აღჭურვილი ტელესკოპით უღებდა. აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით ვარსკვლავიდან მომავალი თითქმის მთელი სინათლე იბლოკება მის ქრომოსფეროში არსებული წყალბადის ატომებისგან გამოყოფილი წითელი შეფერილობის ალფა სპექტრის სხივების გარდა. საუკეთესო კადრის ძიებაში მაკკარტიმ მზეს უამრავი ფოტო გადაუღო, რა დროსაც მან მოულოდნელად თვითმფრინავის გამოსახულება შენიშნა.


ფოტოების ერთ-ერთი სერიის გადაღებისას მზის დისკი ავიალაინერმა გადაკვეთა. მსგავსი შესაძლებლობა ძალზე იშვიათად მქონია. ბევრი ფოტოგრაფი ვიცი, რომელიც ასეთი კადრის დასაჭერად წინასწარ ემზადება და სურათებს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან იღებს. მე ამ უკანასკნელიდან საკმაოდ შორს ვცხოვრობ, ამიტომ გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენი ვარსკვლავის ზედაპირის ფონზე თვითმფრინავის დაფიქსირება პირველად შევძელი", - აცხადებს ენდრიუ მაკკარტი მედიასთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ენდრიუ მაკკარტიმ გასული წლის გაზაფხულზე კიდევ ერთი სურათი გაავრცელა, რომელზეც მთვარის ზედაპირი უპრეცედენტო დეტალურობითაა ნაჩვენები. მაშინ ასტროფოტოგრაფმა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გადაღებული, ციური სხეულის თითოეული კრატერის კარგად განათებული, მაღალი გარჩევადობის ფოტოები გააერთიანა და დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის შთამბეჭდავი გამოსახულება მიიღო.

FACEBOOK კომენტარები