ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ახალი ასტრონავტების მიღება გამოაცხადა 21:45 ოთხშაბათი' 0 36
17-02-2021, 21:45

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ახალი ასტრონავტების მიღება გამოაცხადა

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ასტრონავტების მიღება გამოაცხადა, რაც ბოლო 11 წელის
განმავლობაში პირველი მსგავსი პრეცედენტია. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსურველებს სპეციალურ საიტზე საკუთარი კანდიდატურის რეგისტრაცია მიმდინარე წლის 31 მარტიდან შეეძლებათ.

განაცხადის შეტანა სააგენტოს წევრი 22 სახელმწიფოს იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და აქვთ შესაბამისი ხარისხი საინჟინრო, სამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში. სასურველია ფრენისა და პროფესიით მუშაობის გამოცდილება, ამ უკანასკნელის შემთხვევაში - მინიმუმ სამწლიანი. აუცილებელი მოთხოვნაა 153-დან 190 სანტიმეტრამდე სიმაღლე და ჯანსაღი ფიზიკური თუ ფსიქიკური მდგომარეობა. შერჩევისას უპირატესობა 27-დან 37 წლამდე ასაკის კანდიდატებს მიენიჭება.


აღსანიშნავია, რომ ESA განსაკუთრებულადაა დაინტერესებული ქალი კანდიდატებით და მათ წახალისებას ცდილობს, რათა ასტრონავტთა რიგებში გენდერული მრავალფეროვნება უფრო მეტად წარმოჩნდეს. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, იან ვორნერის განცხადებით, ახალი თანამშრომლების ძიება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია სააგენტოს განვითარებისკენ კოსმოსის კვლევისა თუ ინოვაციების მიმართულებით. ყურადღება ექცევა პროექტებში სხვადასხვა სქესის, ასაკისა და წარმომავლობის ადამიანების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობასაც, რასაც ახალი ინიციატივა Parastronaut Feasibility Project ემსახურება.

როგორც ცნობილია, კანდიდატების რეგისტრაცია რვა კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 2021 წლის 28 მაისს დასრულდება. ამის შემდეგ ასტრონავტთა შერჩევის ხანგრძლივი პროცესი დაიწყება, რომელიც ექვს ეტაპად განხორციელდება და 2022 წლის ოქტომბრამდე გასტანს.

FACEBOOK კომენტარები