ჩინეთი კოსმოსში კვანტურ ინფორმაციას აგზავნის, რომლის დაჰაკვაც შეუძლებელი იქნება 21:48 ოთხშაბათი' 0 46
17-02-2021, 21:48

ჩინეთი კოსმოსში კვანტურ ინფორმაციას აგზავნის, რომლის დაჰაკვაც შეუძლებელი იქნება

ანხოის პროვინციის ქალაქ ხეფეიში მდებარე ჩინეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
მომუშავე მკვლევრებს კოსმოსში ისეთი კვანტური ინფორმაციის გაგზავნა სურთ, რომლის დაჰაკვაც შეუძლებელი იქნება. ამისთვის ისინი ინოვაციური კრიპტოგრაფიული მეთოდის გამოყენებას გეგმავენ, რომლის დახმარებითაც კოდირებული სიგნალი ღია სივრცეში უკვე გაუშვეს. მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი დეტალურად გამოცემაში Physical Review Letters ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია აღწერილი.

ადამიანების მიერ სმარტფონიდან ან კომპიუტერიდან სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით გადაცემული მონაცემები იმგვარადაა დაცული, რომ მასში შეღწევა მხოლოდ სპეციალური გასაღებით, ანუ დაშიფრული ციფრების ამოცნობითაა შესაძლებელი. ამის მიუხედავად, დღეს არსებული მსგავსი სისტემების გატეხვა ჰაკერებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რაც უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების აუცილებლობას უსვამს ხაზს. სწორედ ამიტომ, მეცნიერები ახალი კრიპტოგრაფიული მეთოდის დანერგვას ცდილობენ, რომლის საშუალებითაც კოდის შენახვა კვანტური მახასიათებლების მქონე ელემენტარულ ნაწილაკებში, ფოტონებში მოხდება.


მიმღები და გადამცემი მოწყობილობები გასაღების შემცველ ფოტონებს ერთდროულად აგზავნიან მესამე ობიექტისკენ. თითოეული ნაწილაკი მხოლოდ ერთი ბიტის ოდენობის ინფორმაციას ინახავს, ესაა - 0 ან 1, რომლებიც სტანდარტულ შიფრში არსებულ ციფრებთან ერთიანდებიან. სატრანსლაციო სადგურიდან მხოლოდ იმის გაგება შეგვიძლია, გაგზავნა თუ არა ორივე მათგანმა ერთნაირი სიმბოლოები, თუმცა რომლები - უცნობია. შესაბამისად, მისი დაჰაკვა ფაქტობრივად გამორიცხულია, რასაც ისიც ემატება, რომ ამგვარად ტელეპორტირებული სიგნალი მცირე ჩარევის შემთხვევაშიც იცვლება. ამ მოვლენას ფიზიკაში დამკვირვებლის ეფექტს უწოდებენ.

მეცნიერთა განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სიგნალები სადგურამდე ერთსა და იმავე დროს მივიდეს, რაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მეშვეობითაა მიღწევადი. მათ გარეშე არაერთი პრობლემა იჩენს თავს. ნაშრომის ავტორებმა ეს დაბრკოლება სპეციალური ალგორითმების შემუშავების გზით გადალახეს, რომლებიც მათ ატმოსფერული ტურბულენტობის პროგნოზირებაში დაეხმარა. შედეგად მკვლევრებმა კოდირებული ფოტონები ხეფეიში მდებარე შენობებს შორის, ღია სივრცეში 19,2 კილომეტრის მანძილზე წარმატებით გაუშვეს. ახლა მათი მთავარი ამოცანა ამ დისტანციის გაზრდა, უკეთესი ალგორითმების შექმნა და სატელიტების მოძრაობის ტრაექტორიის გათვალისწინებაა, რათა მსგავსი ინფორმაცია კოსმოსშიც გაგზავნონ.

FACEBOOK კომენტარები