ნეანდერტალელების გადაშენება, შესაძლოა, დედამიწის მაგნიტური პოლუსების გადანაცვლებას გამოეწვია 11:11 სამშაბათი 0 7
23-02-2021, 11:11

ნეანდერტალელების გადაშენება, შესაძლოა, დედამიწის მაგნიტური პოლუსების გადანაცვლებას გამოეწვია

ავსტრალიაში მდებარე ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები თავის
უცხოელ კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ ნეანდერტალელების გადაშენება, შესაძლოა, 42 ათასი წლის წინ დედამიწის მაგნიტური პოლუსების გადანაცვლებასა და მზის აქტივობის შემცირებას უკავშირდებოდეს. მათი ნაშრომი სამეცნიერო გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

დედამიწის მაგნიტური ველი კოსმოსური გამოსხივებისგან გვიცავს, თუმცა პოლუსების გადანაცვლების დროს ის საგრძნობლად სუსტდება და რადიაციას ვეღარ აკავებს, რაც ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლისთვის არახელსაყრელი პირობების ჩამოყალიბებას განაპირობებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსგავსი მოვლენა დაახლოებით 200-300 ათას წელიწადში ერთხელ მეორდება, პროცესი კი, შესაძლოა, რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში გაგრძელდეს.


დედამიწაზე მომხდარი პოლუსების გადანაცვლება, რაც მეცნიერთა აზრით, ნეანდერტალელების გადაშენების მთავარი წინაპირობა გახდა, მკვლევრებმა ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჭაობებში აღმოჩენილი 42 ათასი წლის წინანდელი და უფრო ადრეული პერიოდის კაურის ხეების წლიური რგოლების ანალიზის შედეგად დაათარიღეს. ამან სპეციალისტებს საშუალება მისცა იმ დროისთვის ატმოსფეროში არსებული ნახშირბად 14-ის კონცენტრაცია განესაზღვრათ, რომელიც, როგორც ცნობილია, კოსმოსური რადიაციის მატებასთან ერთად საგრძნობლად იზრდება. აღმოჩნდა, რომ ჩვენს პლანეტზე გარემოს რადიკალური ცვლილებები სწორედ მსგავს შემთხვევებს უკავშირდება.

მკვლევართა განცხადებით, დედამიწაზე სიცოცხლისთვის არახელსაყრელი პირობების ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, ნეანდერტალელები აიძულა, თავშესაფარი გამოქვაბულებში ეძებნათ. მათივე ვარაუდით, ადამიანთა გვარის უძველესი წარმომადგენლები წითელი ფერის ბუნებრივ საღებავს, რომლითაც კედლებზე ხელის მტევნების ანაბეჭდები და სხვადასხვა გამოსახულება გადაჰქონდათ, მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თავის დასაცავად იყენებდნენ. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ შექმნილ ვითარებაში ნეანდერტალელებს შორის გადარჩენისთვის კონკურენცია გაჩაღებულიყო, რამაც, მათი აზრით, ამ უკანასკნელთა გადაშენება განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ გასული 170 წლის განმავლობაში დედამიწის მაგნიტური ველი დაახლოებით 9 პროცენტით შესუსტდა, რასაც მეცნიერები პოლუსების გადანაცვლების ახალი პროცესის დაწყებას უკავშირებენ. მათი განცხადებით, ეს სულ მცირე ჩვენი პლანეტის ორბიტაზე განლაგებულ ხელოვნურ თანამგზავრებს შეუქმნის საფრთხეს და იქ არსებული ელექტროსისტემების მწყობრიდან გამოსვლას განაპირობებს.

FACEBOOK კომენტარები