კორონავირუსის ყველა ნაწილაკი, შესაძლოა, COCA-COLA-ს ქილაში ჩაეტიოს 11:29 სამშაბათი 0 3
23-02-2021, 11:29

კორონავირუსის ყველა ნაწილაკი, შესაძლოა, COCA-COLA-ს ქილაში ჩაეტიოს

დიდი ბრიტანეთის სომერსეტის საგრაფოში მდებარე ბათის უნივერსიტეტში მომუშავე
მათემატიკოსის, ქით იეითსის განცხადებით, მთელ მსოფლიოში არსებული კორონავირუსის ნაწილაკები, შესაძლოა, Coca-Cola-ს მხოლოდ ერთ თუნუქის ქილაში ჩაეტიოს. ამის შესახებ საუბარია ნაშრომში, რომელიც მკვლევარმა სამეცნიერო პორტალზე The Conversation გამოაქვეყნა.

ბრიტანელმა მეცნიერმა გამოთვლების შედეგად დაადგინა, რომ დავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის SARS-CoV-2 ნაწილაკების საერთო რაოდენობა ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 2 კვინტილიონს შეადგენს, თითოეულის გარშემოწერილობა კი საშუალოდ 100 ნანომეტრს, ანუ 1 მეტრის 100 მემილიარდედს უდრის. სპეციალისტის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსს სფეროს ფორმა აქვს, ერთად მოთავსების შემთხვევაში მის ნაწილაკებს შორის თავისუფალი ადგილი დარჩება, თუმცა ამის მიუხედავად, Coca-Cola-ს 330-მილილიტრიან თუნუქის ქილაში მათი მთლიანად ჩატევა მაინც მოხერხდება.


"გასაოცარია იმის წარმოდგენა, რომ ამ რამდენიმე მილილიტრმა გასული ერთი წლის განმავლობაში არა მხოლოდ მთელი ეს უბედურება, უზარმაზარი ზარალი და გაჭირვება გამოიწვია, არამედ უამრავი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა. როდესაც მსოფლიოში არსებული SARS-CoV-2-ის ნაწილაკების მთლიანი მოცულობის გამოთვლა მთხოვეს, ვაღიარებ, წარმოდგენა არ მქონდა, რა პასუხი შეიძლება მიმეღო. ჩემი ცოლის ვარაუდით, შესაძლოა, მას ოლიმპიური საცურაო აუზი აევსო, ან, სულაც, ჩაის კოვზზე დატეულიყო", - წერს ქით იეითსი საკუთარ ნაშრომში. 

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, COVID-19-ით დაავადების პირველი ფაქტი ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში ჯერ კიდევ 2019 წლის 8 დეკემბერს გამოვლინდა. ამის მიუხედავად, ექპერტები არ გამორიცხავენ, რომ ინფიცირების შემთხვევები ამ თარიღზე ბევრად ადრეც დაფიქსირებულიყო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ კორონავირუსის წარმომავლობის შესწავლის მიზნით ჩინეთში გაგზავნილი მეცნიერთა ჯგუფის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის უხანში მდებარე ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო. აღნიშნულ განცხადებას სპეციალისტები ხუბეის პროვინციაში 28-დღიანი მისიის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე აკეთებენ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ამ დროისთვის დაახლოებით 109 მილიონს შეადგენს. მათ შორის, დაავადებას 2,4 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, 61,1 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

FACEBOOK კომენტარები