ილონ მასკი: NEURALINK-ის ჩიპების ადამიანებზე გამოცდა, შესაძლოა, წელს დაიწყოს 11:32 სამშაბათი 0 6
23-02-2021, 11:32

ილონ მასკი: NEURALINK-ის ჩიპების ადამიანებზე გამოცდა, შესაძლოა, წელს დაიწყოს

კომპანიების Tesla და SpaceX დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის
განცხადებით, ბიოტექნოლოგიურმა სტარტაპმა Neuralink თავისი ელექტრონული ჩიპების ადამიანებზე გამოცდა, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყოს. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელ ტვიტერზე გაკეთებულ კომენტარში გააჟღერა.

"Neuralink ძალზე გულმოდგინედ მუშაობს იმპლანტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოსთან (FDA). თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ჩვენ შევძლებთ, ადამიანებზე ცდები მიმდინარე წლის ბოლოდან დავიწყოთ", - ვკითხულობთ ილონ მასკის მიერ ტვიტერზე გაკეთებულ კომენტარში. 

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის განცხადებას სოციალური ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებმაც Neuralink-თან თანამშრომლობისა და მის კვლევებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის მიერ დაარსებული კომპანია უკვე რამდენიმე წელია, ულტრათხელი ელექტროდების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც ტვინში იმპლანტაციის შემდეგ ნეირონების სტიმულირებას მოახდენენ. მეცნიერთა მიზანი ზურგის ტვინის ტრავმით გამოწვეული კიდურების სრული ან ნაწილობრივი დამბლის მქონე, მხედველობა და სმენადაკარგული, ასევე ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მკურნალობაა.


Neuralink საკუთარი ჩიპების ადამიანებზე გამოცდას ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოდან გეგმავდა, თუმცა ამ დრომდე კომპანიის კვლევებში მხოლოდ ცხოველები მონაწილეობენ. გასული წლის ზაფხულში ილონ მასკმა იუთუბის არხზე მიმდინარე ტრანსლაციის დროს მაყურებლებს ღორი, სახელად გერტრუდა წარუდგინა. პრეზენტაციამდე ორი თვით ადრე მას ჩიპი Link 0.9 ტვინის იმ ნაწილში ჩაუნერგეს, რომელიც დინგთანაა დაკავშირებული. როდესაც ცხოველი რამეს ყნოსავდა ან ჭამდა კომპიუტერი ტვინიდან მომავალ ძლიერ სიგნალებს აფიქსირებდა, რომლებიც ეკრანზე ჩნდებოდა, ღორის მოძრაობისას კი მოწყობილობა მისი კიდურების ადგილმდებარეობას მაღალი სიზუსტით განსაზღვრავდა.



ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ბიოტექნოლოგიური სტარტაპის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატების შესახებ შეატყობინა. მისი განცხადებით, Neuralink-მა მაიმუნს ტვინში თავისი უსადენო ელექტრონული ჩიპი ჩაუნერგა, რის შედეგადაც ცხოველი გონების ძალით ვიდეოთამაშებს თამაშობს. მასკს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ კომპანია უახლოეს მომავალში რამდენიმე ახალ ვიდეოს გამოაქვეყნებს, რომელშიც პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი იქნება ნაჩვენები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდაპირველად Neuralink-ის ჩიპის იმპლანტაცია ძალზე ძვირი ეღირება, თუმცა თანდათან მისი ფასი რამდენიმე ათას აშშ დოლარამდე შემცირდება. ახალი მოდელების გამოსვლასთან ერთად მომხმარებლები საკუთარ მოწყობილობებს განაახლებენ. კომპანიას ისეთი ტექნოლოგიის შექმნა აქვს განზრახული, რომლის საშუალებითაც ჩიპების ამოღება და შეცვლა მარტივი პროცედურით, ჯანმრთელობისთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე, ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.

FACEBOOK კომენტარები