მეცნიერებმა "კვანტური ტვინის" შექმნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს 11:34 სამშაბათი 0 7
23-02-2021, 11:34

მეცნიერებმა "კვანტური ტვინის" შექმნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს

ნიდერლანდების ქალაქ ნეიმეგენში მდებარე რედბონდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა
შექმნეს ჭკვიანი მატერია, რომელსაც ინფორმაციის შენახვა და გადამუშავება ადამიანის ტვინის მსგავსად შეუძლია. გამოცემაში Nature Nanotechnology გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა განცხადებით, მათი მიღწევა "კვანტური ტვინის", ანუ მაღალგანვითარებული კომპიუტერული ტექნოლოგიის შემუშავებაში დაგვეხმარება, რომლის შემადგენელი კომპონენტებიც ისე იფუნქციონირებენ, როგორც ნეირონები და მათი დამაკავშირებელი სინაფსები. 

ხელოვნური ინტელექტი დღესდღეობით ახალი ინფორმაციის დამახსოვრებასა და მისი ძველისგან გარჩევას სპეციალური კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით ახერხებს, რომლებიც მონაცემთა გადამუშავებასა და მათ მყარ დისკზე შენახვას უზრუნველყოფენ. ამგვარი სისტემების გამართული მუშაობა დიდი რაოდენობით ენერგიას საჭიროებს, ამიტომ მეცნიერებს ბევრად ეფექტიანი მოწყობილობის შექმნა სურთ, რომელიც იმავე ფუნქციებს შეითავსებს, თანაც ნაკლები დანახარჯით. სწორედ ასეთია "კვანტური ტვინი".


აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, მკვლევრებმა ერთ-ერთი ლითონის, კობალტის შემადგენელი ატომების ქსელი შექმნეს, რომლის თითოეული ელემენტი გარკვეულ ინფორმაციას შეიცავდა და ის შავ ფოსფორში მოათავსეს. მეცნიერებმა მათი გააქტიურება ელექტრული დენის საშუალებით შეძლეს, შედეგად კი ნეირონების ურთიერთქმედების მსგავსი პროცესი მიიღეს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გარეგანი სტიმულირება ხელოვნური სინაფსების ცვლილებას იწვევს, ანუ ჭკვიანი მატერია მისთვის გადაცემული იმპულსების შესაბამისად მოქმედებს, ადაპტირდება და სწავლობს.

ნაშრომის ავტორთა მიზანი უფრო მეტი ატომის გაერთიანება და კვანტური მახასიათებლების მქონე სხვა მასალების გამოყენებაა. დასადგენია ისიც, თუ რა განაპირობებს ქსელის ამგვარ ქმედებასა და რეაქციებს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათი იდეის განხორციელების შემთხვევაში, სრულიად ახალი თაობის, გაცილებით მაღალტექნოლოგიური კომპიუტერების ერა დაიწყება.

FACEBOOK კომენტარები