ახალი კვლევის თანახმად, სიცივეში ვარჯიშის დროს ორგანიზმში მეტი ცხიმი იწვება 11:35 სამშაბათი 0 2
23-02-2021, 11:35

ახალი კვლევის თანახმად, სიცივეში ვარჯიშის დროს ორგანიზმში მეტი ცხიმი იწვება

კანადის ქალაქ სადბერიში მდებარე ლავრენტის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში
მომუშავე მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სიცივეში ვარჯიშის დროს, თბილ ამინდთან შედარებით, ადამიანის ორგანიზმში ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ცხიმი იწვება. ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of Applied Physiology გამოქვეყნდა.

კვლევაში მონაწილეობა ჭარბი წონის მქონე 11-მა ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო, რომლებსაც მეცნიერებმა მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშების გაკეთება მოსთხოვეს, რაც ველოსიპედის მოკლე მანძილზე ტარებას სხვადასხვა პერიოდული დატვირთვით, კერძოდ, 90 და 30-პროცენტიანი ძალისხმევით გულისხმობდა. აღნიშნული დავალება მათ ჯერ 0°C ტემპერატურის პირობებში შეასრულეს, ორი კვირის შემდეგ კი იგივე თერმონეიტრალურ გარემოში, 21°C ტემპერატურაზე გაიმეორეს.


ვარჯიშის ეფექტიანობაზე დასაკვირვებლად, სპეციალისტებმა ფიზიკური აქტივობის დროს მოხალისეთა სხეულის ტემპერატურა, გულისცემა და ბარძაყის ოთხთავა კუნთისთვის გადაცემული ჟანგბადის დონე გაზომეს. მეორე დღეს კი, მას შემდეგ, რაც კვლევის მონაწილეებმა მაღალკალორიული საუზმე მიირთვეს, მეცნიერებმა მათ მონაცემთა შედარების მიზნით სისხლის ანალიზი აუღეს. აღმოჩნდა, რომ სიცივეში ვარჯიშის შედეგად თითოეული ინდივიდის ორგანიზმში ცხიმის წვის პროცესი 358 პროცენტამდე დაჩქარდა, თუმცა მსგავსი მეტაბოლური ცვლილება მომდევნო დილას აღარ გამოვლენილა.

ნაშრომის ავტორთა განცხადებით, კონკრეტული დასკვნების გამოსატანად უფრო მასშტაბური კვლევების ჩატარებაა საჭირო, თუმცა ახალი მიგნება მათ მაინც მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნიათ. მკვლევართა აზრით, იმის მიუხედავად, რომ ცივ ამინდში შესრულებული მაღალი ინტენსივობის ვარჯიში ხანგრძლივ ეფექტს არ იძლევა, ის თავად ფიზიკური დატვირთვის დროს დამწვარი ცხიმის რაოდენობაზე ნამდვილად დადებითად აისახება, ამიტომ აღნიშნული საკითხი უკეთ შესწავლასა და მეტ ყურადღებას იმსახურებს.

FACEBOOK კომენტარები